weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სასამართლო ქსანი-სტეფანწმინდას ხაზის მშენებლობის კანონიერებას განიხილავს

10:05 ორშაბათი, 22 მაისი 2017

დღეს, 22 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, ზაზა წიკლაურისა და შოთა ბუჩუკურის სარჩელი გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც ქსანი–სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. საქმეს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე განიხილავს.

ქსანი–სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2016 წლის 27 მაისს დაამტკიცა. მინისტრს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა რომ არ დაემტკიცებინა, მთიულეთისა და ხევის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა ვერ დაიწყებოდა.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ პროექტი ბოლომდე შემუშავებული არ არის.

„მაგალითად, ტექნიკურ მონაცემებში კუთხის ანძების რაოდენობა უცნობია; ნომინალური მანძილი ანძებს შორის მითითებული არ არის. უცნობია ახალი მისადგომი გზების რაოდენობა და მათი მდებარეობა. თითოეული გზის სიგრძე და სიგანე; სამშენებლო სამუშაოების დრო კონკრეტულ უბნებზე. მიწის ზედაპირის სამუშაოები და ა.შ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს არ ერთვის დოკუმენტის განხილვის პროცესში საზოგადოების უთანხმოების აღწერა; ზეგავლენის შერბილების ღონისძიებები; არ ყოფილა ასევე წარდგენილი მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებისა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე. არც ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმებია წარდგენილი ალტერნატიული ვარიანტების გათვალისწინებით“, – აღნიშნავს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე.

მისივე თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ მოიცავდა სავალდებულო ინფორმაციას და არც გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს დასაბუთებული თავისი გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობისთვის უვნებლობის თვალსაზრისით.

მთიულეთის და ხევის ტერიტორიაზე მშენებარე 500 კილოვოლტიანი ხაზი დასახლებულ პუნქტებს რომ დააშორონ და სამუშაოები ისე აწარმოონ – მეწყრული პროცესების გააქტიურება რომ არ მოხდეს, ამ მოთხოვნით მთიულებმა და მოხევეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ხანდოს ხეობაში გამართული აქციის 6 მონაწილე პოლიციამ დააკავა და 400–400 ლარით დააჯარიმა. მომდევნო დღეებში, სოფელ მუგუდაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეებსაც ხელისუფლებამ პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზაციით უპასუხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]