weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია - ნიკა გვარამია

19:13 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარი პროკურატურის მიერ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს დადგმულს და სამარცხვინოს უწოდებს. როგორც გვარამიამ განაცხადა, 15 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერით დაანონსდა, რომ იგეგმებოდა იმ ჩანაწერის გამოქვეყნება, რომელიც დღეს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

„საქმის გაყალბების, სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. პირველი - გუშინვე დავაანონსეთ, ჩემი სტატუსით დაანონსდა და ასევე „კურიერშიც“ გავიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსი აბსოლუტური სიზუსტით ვიწინასწარმეტყველეთ. მართლაც, დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ ჩანაწერი დადგმულია და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვა უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში, მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, თავად აუდიოჩანაწერი ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის იმაზე, რომ ციხეში ფარული მიყურადება მიმდინარეობს.

„დღესაც ციხეებს წინასწარი პატიმრობის საკნებში ფარულად უსმენენ. ამის აღიარება მოხდა დღევანდელი ჩანაწერის გამოქვეყნებით. მეორე, თუ 6 ივლისს, ხაზს ვუსვამ, მეშვიდე თვეს მოხდა ამგვარი ინფორმაციის მიღება საქართველოს უსაფრთხოების ორგანოების მიერ, რატომ არ აღიძრა საქმე, რატომ არ დაიკითხნენ პირები, ფიგურანტები ამ საქმის, რატომ არ დაიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და რატომ არ დაესვა ყველა ამ ჩანაწერში მოქმედ ფიგურანტს შეკითხვა.

მესამე - რატომ არ აცნობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯაფარიძემ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ მზადდებოდა ფაბრიკაცია ხელისუფლების ყალბ ბრალდებებში მხილების მიზნით.

მეოთხე, თუ იცოდა, ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ასეთი რამ მზადდებოდა, რატომ მოხვდა ის კიდევ ერთხელ და არაერთხელ (რასაც ნახავთ მომდევნო ეთერებში) სუბელიანთან საკანში და რატომ მიიღო მონაწილეობა მის მიერ წინასწარ გაცხადებული ყალბი ცნობების შემცველი საუბრების დადგმაში. ანუ ისიც თანამონაწილეა სუბელიანის“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გამოკვეთილ გარკვეულ უზუსტობებზე საუბრობს. მისი თქმით, ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა, გვარამიას თქმით, 6 ივლისს, რა დროითაც პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი თარიღდება, რუსთაველზე გამზირზე არაფერი ხდებოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ადგილი აქვს ტექსტის წაკითხვას პირდაპირ ეთერში“.

„საუბრის მონაწილეებმა იციან, რომ ისინი არიან პირდაპირ ეთერში და იციან, რომ მათი საუბარი იწერება. ამიტომაც არიან დაძაბულები. ამიტომაც ცდილობენ არ დაუშვან არანაირი შეცდომა საუბრის დროს და ამიტომაც, ისინი საუბრის, პრაქტიკულად, არ ბილწსიტყვაობენ“, - განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ აღნიშნულ აუდიოჩანაწერში შეგნებულად არის „გაშავებული“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე.

„ზაზა სარალიძის გაშავება არის ამ დადგმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ამოცანა. ცდილობენ, რომ ის გამოიყვანონ კორუფციის, მოსყიდვის, შანტაჟის და ა.შ. მსხვერპლად თუ ავტორად, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამარცხვინოა და ძალიან ცუდად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლებაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინის მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს. პროკურატურის განცხადებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება. მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]