weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის 3 მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს

12:42 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 hits 887

პროკურატურის განცხადებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. სამი ბრალდებულიდან გიორგი მერებაშვილი დაკავებულია.

პროკურატურის ცნობით, ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

„კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი, პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.

საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ რევაზ შიუკაშვილი სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ.

„პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება კუდ-ის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]