weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დაკავებული ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გაიმართა

00:36 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გათავისუფლება მოითხოვეს.

მომიტინგეებს ზაზა სარალიძის დედამ მიმართა. მარინა ბეგაძემ შვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას თავად გაუძღვება.

„გთხოვთ ყველას, დაგვიდექით გვერდით. იქნებ როგორმე მივაღწიოთ სამართალს თქვენი დახმარებით. აქ, ზაზა რამდენიმე ადამიანთან ერთად 47 დღე იდგა, მაგრამ ვერაფერს გახდა. რაც მეტი ვიქნებით, მემგონი, უფრო გამოიფხეკენ ყურებს ჩვენი სამართალდამცველები და დასჯიან მკვლელებს და მათთვის ხელის დამფარებლებს. უღრმესი მადლობა თანადგომისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ დამტოვებთ მარტო. შვილი აღარ მყავს აქ, გვერდით. თქვენი იმედი მაქვს“, - მიმართა აქციის მონაწილეებს მარინა ბეგაძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც 10 სექტემბრის შემდეგ ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ აქციას მართავდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სარალიძის დაკავების მიუხედავად, პროტესტი გაგრძელდება.

„ამ 50 დღის განმავლობაში, ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მე და ზაზა, ერთად თუ ცალ-ცალკე პროვოკაციაზე წამოვეგეთ. ეს ყოველ მეორე-მესამე დღეს ხდებოდა. დღეს მიზანს მიაღწიეს და ეს ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

იმდენი გააკეთეს, რომ ეს ინციდენტი მოხდა. აქციები გაგრძელდება. თუ ზაზას არ გაათავისუფლებენ, აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს. ყველა წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მან ზაზა სარალიძე საავადმყოფოში ინახულა: „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. ძალიან ცუდად იყო, სახე ჰქონდა დასიებული და ფეხზე ძლივს იდგა - ბარბაცებდა. ერთი ვიცი, რომ კარგად არ არის“.

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი მიიტანეს და მისი გაშლა სცადეს, რაც პოლიციამ აღკვეთა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარავი წაართვეს, რასაც მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც იმყოფებოდნენ.

ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს პარლამენტთან, სადაც ის 10 სექტემბრიდან მშვიდობიან აქციას მართავს და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე წვიმის დროს, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზაზა სარალიძე პოლიციელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. დაკავების შემდეგ, სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზაზა სარალიძის დაკავებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე თვალს ხუჭავდა, თუმცა იძულებული გახდა ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე სარალიძე დაეკავებინა.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით იძიებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]