weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუშეთში უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა

20:38 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

თუშეთში მდებარე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

მწვერვალისთვის ანწუხელიძის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომელსაც ახმეტის საკრებულოს სხომაზე კენჭი დღეს უყარეს.

„მწვერვალი ზღვის დონიდან 3276 მეტრ სიმაღლეზეა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა ამ საკითხზე მსჯელობა. სამინისტროს წარმომადგენლები ქვემო და ზემო ალვნების მოსახლეობასაც შეხვდნენ. უსახელო მწვერვალი კი თავდაცვის სამინისტრომ შეარჩია. გიორგი ანწუხელიძე თუშია და თუშებისთვის განსაკუთრებით საამაყო გმირია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისი სახელის უკვდავსაყოფად“, – უთხრა „რეგინფოს“ ახმეტის საკრებულოში თუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ხიზანაიძემ.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 23 წლის გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს ქვემო ალვანში გაიხსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების სკოლას.

გარდაცვალებამდე გიორგის ერთი შვილი ჰყავდა, ლევანი. ანა ანწუხელიძე გიორგის დაღუპვიდან 7 თვეში გაჩნდა.

2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]