weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ფოტოგრაფები გაამართლა

14:01 შაბათი, 24 ნოემბერი 2018 hits 642

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დეპარტამენტმა ასევე შეისწავლა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, „პრაიმტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე, რომლებიც მოათავსეს შს სთბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.

შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დ.დ.-მ გადაწყვიტა, დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.

ამ მიზნის განსახორციელებლად .. 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამდენჯერმე ცალ-ცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები.

ასევე, N8 საპყრობილეში, დ.დ., ამავე საპყრობილის დირექტორის ა.მ.-ის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამდენჯერმე შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება.

მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, საპყრობილის დირექტორის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დ.დ. გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი „მათ ხელში“ იყო;  „რაც უნდათ იმას უზამდნენ“. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო.

დ.დ.-ს მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დ.დ.-ს მიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს,  მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება-დაკითხვის დროს, ვიდეოკამერაში. ამ მიზნით, დ.დ., მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით,  რამდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც ფოტოგრაფს დაკითხვისას მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა.

2011 წლის 16 ივლისს, დ.დ.-ს მიერ განსაზღვრული გეგმის/სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეოგადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება-დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი, სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რითაც დადასტურდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. 2017 წლის 20 ივლისს, სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანს დ..-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბდაქვეპუნქტებით განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საპყრობილის დირექტორს ა..-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ამასთან, ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლადგამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]