weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

თიანეთის გამგებლის პირველი მოადგილე და გამგეობის თანამშრომლები დააკავეს

10:59 სამშაბათი, 20 ივნისი 2017 hits 10809

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, გამგებლის წარმომადგენლები ახალსოფელსა და ნაქალაქარში, ბადრი ჯიმშიტაშვილი და ლია დორეული დააკავეს.

საჯარო მოხელეებთან ერთად, დაკავებულები არიან შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზა“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.

დაკავებულებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარება და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობა ედებათ.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამული მამულაშვილმა, მალხაზ მათურელმა, ბადრი ჯიმშიტაშვილმა და ლია დორეულმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“-მ და შპს „რაზა“-მ სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე.წ. ფორმა N2), რომლითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული.

ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მამული მამულაშვილმა ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა კონტრაქტორი კომპანიებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვა.

გამოძიების ცნობით, შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად 123 240 ლარი შეადგინა.

„თავის მხრივ, შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზა“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საქმე ეხება სოფლების ჩაბანო, ახალსოფლისა და ნაქალაქარის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმეზე, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, პასუხისგებაში მისცეს შპს „არდა“-ს ექსპერტები: ზაზა ენდელაძე და ბადრი მიქაძე. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის აღნიშნული ყალბი დასკვნა გახდა საფუძველი, ხსენებული კომპანიები თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

როგორც „რეგინფოს“ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლია კორხელაურმა განუცხადა, გამგეობის თანამშრომლები გუშინ დააკავეს.

„დილით მითხრეს, რომ შეხვედრა იგეგმებოდა გამგეობის დარბაზში. შევკრიბე გამგეობის თანამშრომლები და შეხვედრის დაწყებას ველოდით. უცებ 7 მანქანა გაჩერდა, გადამღები ჯგუფებით. გადმოცვივდნენ და შენობაში დააკავეს სამი თანამშრომელი. გამგებლის პირველი მოადგილე თბილისში დაუბარებიათ დაკითხვაზე და იქ დაუკავებიათ. ვიცოდით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა. პერიოდულად სხვადასხვა დოკუმენტები მიჰქონდათ“, – აღნიშნა ლია კორხელაურმა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი მივლინებით ბრიუსელში იმყოფება ერთ–ერთ კონფერენციაზე დასწრების მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]