weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლენტეხის და მესტიის მოსახლეობა EBRD-ის ოფისთან აქციის გამართვას გეგმავს

15:59 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

ლენტეხის და მესტიის მოსახლეობა თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ოფისის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მანანა საღლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სვანეთის მცხოვრებლები EBRD-სგან მოითხოვენ, შეწყვიტოს იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც ადგილობრივების პროტესტს იწვევს.

„აქცია დაინიშნა შემდეგი მოთხოვნით: 1. აიკრძალოს, სვანეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი სიმძლავრის ელექტროსადგურების (გარდა მდინარის შემოდინებაზე მომუშავე ტექნოლოგიური საშუალებებისა) მშენებლობა; 2. აიკრძალოს ღია კარიერული წესით ოქროს წარმოება და მოპოვება, მომწამვლელი შხამქიმიკატების გამოყენებით; 3. აიკრძალოს ჰიდროელექტროსადგურ „ხელედურა 3“-ის და მესტიის და ლენტეხის რაიონებში დაგეგმილი სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მათი მტკიცებით, სვანეთში ჰიდროელექტროსადგურების აშენების შემთხვევაში გაიჩეხება საუკეთესო ტყის მასივები, რომელიც ამაგრებს ღვარცოფების და სხვა სტიქიური მოვლენებისგან მოსალოდნელ უბედურებებს, უდიდეს ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, განადგურდება სვანეთის ულამაზესი ბუნება და მოსახლეობა დარჩება უწყლოდ.

„ეს მიზანმიმართულად სვანეთის აბორიგენი მოსახლეობისაგან საბოლოოდ დაცლას და აყრას ემსახურება. თუ EBRD-მა დაფინანსება არ შეწყვიტა, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ წინააღმდეგობას და შედეგის მიღწევამდე გამოიყენებენ პროტესტის უმაღლეს ფორმებსაც კი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

EBRD-ს ოფისთან საპროტესტო აქცია 14 დეკემბერს,11:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში, ლოზუნგით „არა ოკუპაციას – ხმა ერთიანი სვანეთიდან“.  

2018 წლის იანვარში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში „ნენსკრა ჰიდროს“ მშენებლობისთვის დაამტკიცა 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უზრუნველყოფილი სესხი. სექტემბერში კი ცნობილი გახდა, რომ EBRD-ი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებში, ჰიდროელექტროსადგურ „ხელედულა 3“-ის მშენებლობის 30 მილიონი დოლარით დაფინანსებაზეც იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]