weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმებს შეესაბამება – სამინისტრო

13:22 კვირა, 23 დეკემბერი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმება წინასწარი გაფრთხლების გარეშე მოხდა და ქვეყნის მასშტაბით სულ 240 სინჯი აიღეს.

„აღებული სინჯების ლაბორატორიულ კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო. კვლევის შედეგად, დადგინდა რომ საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შეცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

რა არის ტყვია?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის და სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%. განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება. დღეისათვის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია .

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ტყვიით მოწამვლა?

ტყვიის შემცველი საღებავები: საღებავები, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის შესაღებად და სხვ.) იყენებენ, შეიძლება სხვადასხვა დოზით შეიცავდნენ ტყვიას.

ტყვიით დაბინძურებული ჰაერი: ინდუსტრიული ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიის მოხვედრას ჰაერსა და წყალში, რაც იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებზე.

ტყვიით დაბინძურებული ნიადაგი: ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ მათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.

ტყვიის შემცველი საკვები: ადამიანის ორგანიზმში ტყვია შეიძლება მოხდეს საკვებიდან. დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან ტყვია პროდუქტებში ხვდება.

ბოლო წლებში ტყვია აღმოჩნდა სხვადასხვა სახის სათამაშოებში, სამკაულებსა და პარფიუმერულ ნაწარმში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასაც შეისწავლიან. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]