weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სამხარაულის ექსპერტიზამ სიმართლის თქმა ვერ გაბედა – მარიამ კუბლაშვილი

13:14 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მუშაობა დაასრულა, თუმცა ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმის მიერ გასროლის მომენტში.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი გასროლის დროს საწოლში იწვა და თავი წამოწეული არ ჰქონდა, რაც მათ მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა - სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა და კრიმინალისტმა ზაზა ალთუნაშვილმა დაადგინეს.

„რა მოლოდინიც და ეჭვიც მქონდა, მაღალი ალბათობით გამართლდა. ვერ გაბედა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თქვას სიმართლე, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, დაადგინოს  გარემოება, რომ თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული, ეს ვერ გაბედა. განსხვავებული პოზიცია რომ არსებობს ჩვენს მიერ მოწვეულ ექსპერტებს – მაია ნიკოლეიშვილსა და ზაზა ალთუნაშვილს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს შორის, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მათ ვერ გაბედეს დაეწერათ სიმართლე“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროკურატურას დასკვნას სავარაუდოდ ხვალ გადასცემს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისის ხეობაში ერთი წლის წინ, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა.

სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

მაჩალიკაშვილი 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]