weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში უდანაშაულოდ ცნო

15:54 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“, უდანაშაულოდ ცნო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს კი 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

გიორგანაშვილს, რომელსაც 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ფლობისთვის 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ბრალი ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვის 2018 წლის აპრილში წარუდგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

„მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები. შეთანხმებისამებრ, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის დაფინანსებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში, მან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი, სხვადასხვა ზომის ნატეხები და ფხვნილი. გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში ფარულად შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. 2017 წლის 25 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჯაბა ხულორდავას პირადი და ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები“, – აცხადებდა შსს.

გიორგი გიორგანაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

„ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. დაკავებისას არ მქონია არანაირი ნარკოტიკული საშუალება. ვიცი, რა მკაცრია დღევანდელი კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის მიმართ და ცხადია მე ამხელა რისკზე არ წავიდოდი. ჩემთვის წარმოუდგენელია ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია“, – თქვა დღევანდელ პროცესზე გიორგანაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]