weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა – ანა სუბელიანმა დავა შეწყვიტა

12:02 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ანა სუბელიანმა სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა დაასრულა. როგორც სუბელიანი აცხადებს, ის დათანხმდა მორიგებას და 74 250 ლარის ოდენობით კომპენსაცია მიიღო.

„მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი - ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის იმიჯსაც მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე... თუ გამეგრძელებინა ბრძოლა სტრასბურგში, კიდევ რამდენიმე წლით, მომეგო საქმე, მიმეღო ვინ იცის, სამმაგი თანხა... იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა. აქედან 20% პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59 400 ლარის ჩარიცხვის შესახებ“, – წერს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მასთან ერთად გათავისუფლებული თამაზ ახობაძე სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. სუბელიანის განცხადებით, მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არაფორმალურად თეა წულუკიანმა მიიღო, ფორმალურად კი რეორგანიზაციის მეშვეობით გააფორმეს.

2013 წლის ნომბერში ჩვენი ცენტრის დირექტორი გაათავისუფლეს. ჩვენი აზრით ეს იყო უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც მე და თამაზ ახობაძემ გავაპროტესტეთ, მათ შორის „ფეისბუქში“. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ წულუკიანმა დაგვიბარა ჩვენ და სხვა თანამშრომლები. მე და ახობაძე მივლინებაში ვიყავით და ვერ მივედით შეხვედრაზე, მაგრამ როგორც გადმოგვცეს, ამობეჭდილი ჰქონდა ჩვენი პოსტები და თანამშრომლების თვალწინ დეტალურად განიხილავდა ჩვენს „ლაიქებს“ და კომენტარებს. გვიწოდებდა „ნაციონალების ძლოკვებს“, „წინა მთავრობის გადმონაშთებს“ „პირსისხლიანი ხელისუფლების დანატოვრებს“. წულუკიანის შეფასებები 5-6-მა ადამიანმა მოისმინა და მათ სასამართლოშიც დაადასტურეს ეს“, – ამბობდა ანა სუბელიანი.

მისივე თქმით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, რომელიც მანამდე წულუკიანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, მას და თამაზ ახობაძეს იძულებულს ხდიდა, წასვლის თაობაზე განცხადება დაეწერათ, ბოლოს კი სამსახურიდან რეორგანიზაციის გზით გაუშვეს.

ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის გათავისუფლება 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო. თუმცა სამსახურში აღდგენის ნაწილში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ოთხი თვის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. ამის შემდეგ, ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და 2017 წელს იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე სამსახურში აღდგენა დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა დავა წააგო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად იუსტიციის სამინისტრომ სუბელიანი და ახობაძე სამსახურში არ აღადგინა. როგორც თეა წულუკიანმა 2018 წლის ივნისში თქვა, სიცრუეა, რომ იუსტიციის სამინისტრო ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. „ქალბატონი სუბელიანი და ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებო ფურცელი მოვიდა მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში, მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე“, – თქვა წულუკიანმა. მის ამ განცხადებას ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე უარყოფენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]