weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მონიტორინგის სამსახურმა „თიბისი ბანკში“ ფულის გათეთრების ნიშნები გამოავლინა - პროკურატურა

14:36 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

საქართველოს მთავარი პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

„აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას. ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება.

ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“-ის ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „თიბისი ბანკიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად „თიბისი ბანკს“ ჩაბარდა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, დანაშაული, რომლის ირგვლივაც გამოძიება მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]