weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური ლიდერები უკრაინას ავტოკეფალიას არ ულოცავენ – მეუფე გრიგოლი

12:21 ორშაბათი, 14 იანვარი 2019
ფოტოზე მეუფე გრიგოლი ფოტოზე მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერები უკრაინელ კოლეგებსა და ხალხს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას არ ულოცავენ. მიტროპოლიტს მიაჩნია, რომ ეს შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება არ არის.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მეუფე გრიგოლმა 13 იანვარს, ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.

„თქვენ იცით დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არა მარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით.

უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წელი) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წელი) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.

ამიტომ, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას.

ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით.

ჩვენ ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საეკლესიო საკითხების ირგვლივ დედა ეკლესიის ეპისკოპატში ჩამოყალიბდეს თემატური ჯგუფები, რომლებიც ღიად და საჯაროდ დაიცავენ პოზიციებს იმ თემებთან მიმართებით, რომელთა ირგვლივაც მოხდება დიდი გაერთიანება.

უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია, და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს.

უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის, საქართველო.

ამ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოს და ეკლესიას, რომელთა ფუნქციების ერთმანეთში აღრევაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. რა უფრო მნიშვნელოვანია: სახარებისეული პრინციპები თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობა ან კონიუნქტურა?! გთხოვთ, რომ ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ორი დღის წინ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მიღება მიულოცა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. მისი თქმით, უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს, რადგან საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. 

6 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. მანამდე ბართლომე პირველმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, ამ საკითხისთვის მხარი დაეჭირათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მიღება არ მიულოცავს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ, რაღაც შედეგების გამო, არ შეიძლება, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი და გააკეთოს ხმამაღალი განცხადება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]