weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მოვაჭრეების საქმიანობამ ანტისანიტარია და განუკითხაობა წარმოშვა – მონასტრის საძმო

16:33 სამშაბათი, 15 იანვარი 2019
ფოტო: Facebook / Guram Bochorishvili ფოტო: Facebook / Guram Bochorishvili

მცხეთის ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცლებს, რომლითაც მრევლისა და ტურისტებისთვის მონასტრის დაკეტვის მიზეზებს განმარტავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მხრიდან ეს უკიდურესი ფორმაა, რითიც უკანონო გარევაჭრობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სცადეს. საძმო არ ამბობს, როდის იქნება შესაძლებელი მონასტერში შესვლა.

„მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის, წარმოადგენს წმინდა ადგილს. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის ის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. იგი UNESCO-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა და მისდამი ზრუნვა ითავა სახელმწიფომ და წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა.

მრავალი წელია ტაძრის მოსალოცად და მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მორწმუნეები და ტურისტები. მცხეთის ჯვრის მონასტრის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ამის მიუხედავად,

2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა.

წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა.

დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.

გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა“, – ნათქვამია მონასტრის საძმოს განცხადებაში.

მცხეთის ჯვრის მონასტერი უკვე მეორე დღეა დაკეტილია. ეს გადაწყვეტილება მისმა წინამძღვრმა, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა გუშინ მიიღო. როგორც გარემოვაჭრეებმა თქვეს, წინამძღვარს მონასტრის ტერიტორიიდან მათი „განდევნა“ სურს, რასაც არ დათანხმდებიან.

„მამაოსთან ვიყავით მისული და არ შეგვხვდა. იქ მყოფმა მორჩილებმა ასეთი პასუხი გაგვცეს - თქვენ რომ ფულს შოულობთ, ჩვენც ვიშოვითო“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]