weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

10 მოსამართლე პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურების განხილვა არ მოხდეს

17:04 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, რომ მათი კანდიდატურები არ განიხილოს. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და შესაბამისად, მიმართავენ პარლამენტს, განხილვას მსვლელობა არ მიეცეს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება.

სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით,

ჩვენ არ გვსურს, გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს მოსამართლეობის ათივე კანდიდატი აწერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]