weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვა გალში აქციით გააპროტესტეს

18:19 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 hits 791

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი „ენგურის“ დაკეტვა გალის რაიონულ ადმინისტრაციის შენობასთან რაიონის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დღეს გაიმართა.

საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელების საბაბით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 10 იანვარს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვა დააწესა, რომელიც ძალაში ორი თვე იქნება.

„საზღვრის დაკეტვა არასასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა გალის რაიონის ბევრი მცხოვრებისთვის, რომლებიც საზღვარს სხვადასხვა მიზნით ხშირად კვეთენ. გალელები საქართველოში სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ, სოციალური დახმარებისა და საქონლისთვის დადიან. ამასთან, საზღვრის დაკეტვის გამო გალის ბაზარში ფასები მკვეთრად გაიზარდა“, – წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობასთან დაახლოებით 80 ადამიანი იყო შეკრებილი. მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია შეხვდა და გაესაუბრა.

„აუცილებელია გვესმოდეს, რომ ეს ზომები დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცდილობთ აფხაზეთში „ღორის გრიპით“ დაავადების შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, აფხაზეთში H1N1 ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა“, – ციტირებს „ნუჟნაია გაზეტა“ ნადარაია განცხადებას.

ამ დროისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ მხოლოდ ენერგეტიკოსებს და ასევე მძიმე ავადმყოფებს, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობენ.

აფხაზეთის და ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას გუშინ, 22 იანვარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის, საკვებზე.

„არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან მდგომარეობა არაა ეპიდემიური და რაიმეთი უარესი წინა წლებთან შედარებით.

პირიქით, გაუმჯობესებულია. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი. მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]