weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანას დროებით ვაჩერებთ – „სილქნეტი“

12:06 კვირა, 27 იანვარი 2019

„სილქნეტმა“ ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მარეგულირებელ კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს.

კომპანიის განმარტებით, ახალი, გაერთიანებული პროდუქტების შექმნის და აბონენტებისთვის შეთავაზების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „სილქნეტმა“ კომპანია „ჯეოსელი“ შეიძინა.

„ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენს ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.

მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავმჯდომარესთან „სილქნეტის“ მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველოდოთ მათ მიერ დაანონსებული კვლევის შედეგებს 2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით.

იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გონივრულ ვადებში ჩატარდება და მოგვცემს სწორი სურათის დანახვის საშუალებას. აქვე, გვინდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი დავაფიქსროთ, რომ ახალ პაკეტებში მოხდა ინტერნეტის ერთეულის ფასის გაიაფება და არა გაძვირება. „სილქნეტი“ იმედს იტოვებს, რომ კვლევები გონივრულ ვადებში დასრულდება და მათ დასრულებამდე ვაკეთებთ განცხადებას ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია „სილქნეტის“ განცხადებაში.

კომპანია „სილქნეტმა“, რომელმაც „ჯეოსელი“ გასულ წელს შეისყიდა, 16 იანვარს აბონენტებს შეატყობინა, რომ პაკეტების ღირებულება 1-ლი მარტიდან გაიზრდებოდა. როგორც დაანონსდა, „ახალი პაკეტი მეტი S“ 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი ეღირებოდა, „ახალი პაკეტი მეტი M“ 5 ლარით ძვირდებოდა და მისი ფასი 15 ლარი იქნებოდა, „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი ეღირებოდა. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო მობილური ნომრის მომსახურების საფასურის დაწესება, რაც თვეში 20 თეთრით განისაზღვრა.

როგორც ცნობილია, ტარიფები იზრდება „მაგთის“ აბონენტებისთვისაც. კომპანია „მაგთიკომის“ განცხადებით, ცვლილებები 18 თებერვლიდან შევა ძალაში. როგორც „მაგთიკომის“, ისე „სილქნეტის“ განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე მცირდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომისიამ ორივე ოპერატორს საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე ტარიფების ცვლილების შეჩერებისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]