weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვინ არის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ზაქარია ქინქლაძის საქმეში ფიგურირებს

20:12 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით, დღეს, თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავა. ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებულები არიან შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფშავლიშვილი და გიორგი არჩუაშვილი, შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლეფსვერიძე და მოქალაქე ვაჟა ფშავლიშვილი.

სუს-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გიორგი არჩუაშვილმა, გოჩა ფშავლიშვილმა და ვაჟა ფშავლიშვილმა განიზრახეს ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება.  

„დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს, მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ყოველთვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფშავლიშვილმა გადასცა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლეფსვერიძემ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლეფსვერიძემ ზემოხსენებულ პირს, მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ყოველთვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი, 8000 ლარი გადასცა.

ამასთან, რამაზ ლეფსვერიძემ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსს, ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი გადასცა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქრთამის სახით გადაცემული თანხები - 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

„რეგინფოს“ მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადამოწმებული ინფორმაციით, სუს-ის განცხადებაში მითითებულ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირში, რომელსაც ქრთამის სახით ჯერ 3000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 8000 ლარი გადასცეს, ზაქარია ქინქლაძე არ იგულისხმება. სუს-ში აღნიშნული თანამდებობის პირის ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სტრუქტურის მიხედვით, სამმართველოში სულ სამი თანამდებობის პირია: სამმართველოს უფროსი - ბესო შუბითიძე; სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე და გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფროსი სოსო აბულაძე. დანარჩენი 38 თანამშრომელი სპეციალისტის პოზიციაზეა.

სამმართველოს უფროსმა ბესო შუბითიძემ „რეგინფოს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კითხვები მას შეტყობინების სახით მივწერეთ: თქვენ ხართ ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც სუს-ის განცხადების მიხედვით, ქრთამი აიღეთ და გამოძიებასთან ითანამშრომლეთ? ადასტურებთ თუ არა ზაქარია ქინქლაძესთან დაპირისპირებას? რატომ და ვისი დავალებით ითხოვდით მისგან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას?

„მტკიცებით ფორმაში ისეთ რამეს მწერთ, ვერც ხვდებით რომ შეურაცხყოფას მაყენებთ. თავი შეიკავეთ და ჩემ პირად ტელეფონზე აღარ დარეკოთ“, - მოგვწერა სამმართველოს უფროსმა.

იმის დასაზუსტებლად, რომ სუს-ის განცხადებაში მითითებული მაღალი თანამდებობის პირი (რომელმაც ჯერ ქრთამი აიღო და მერე გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის გამოც ის დაკავებული არ არის) ბესო შუბითიძეა, სოსო აბულაძესაც დავუკავშირდით:

- ბატონო სოსო, ზაქარია ქინქლაძის საქმეზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხე-ტყის ბიზნესში მყოფმა მეწარმეებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს, მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ყოველთვე 3000 აშშ დოლარისა და 10 ათასი ლარის გადახდა შესთავაზეს, თანხის ნაწილი გადაუხადეს კიდეც. თქვენ ხართ ეს მაღალი თანამდებობის პირი?

- მე დღეს დედოფლისწყაროში ვიყავი მივლინებით. იქ გავიგე ზაქრო ქინქლაძის დაკავების ამბავი. საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს ამ საქმესთან, არავისგან არაფერი ამიღია და არც ვინმესთან მითანამშრომლია“.

ზაქარია ქინქლაძე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მუშაობა „რესპუბლიკელი“ გიგლა აგულაშვილის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. მანამდე ქინქლაძე ჯერ ახმეტის საკრებულოს წევრად, შემდეგ კი თავმჯდომარედ მუშაობდა, საიდანაც მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურისა და სუს-ის ერთობლივი ძალებით, იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს.

2017 წლის ნოემბერში, როცა გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა, აგულაშვილმა კი მინისტრის თანამდებობა დატოვა, უწყებაში დასაქმებული მისი კადრები გაათავისუფლეს. დაითხოვეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსი და ა.შ. რამდენიმე თვე კახეთის სამმართველოს უფროსის მოვალეობას ზაქარია ქინქლაძე ასრულებდა. 2017 წლის მარტში სამმართველოს უფროსად ბესო შუბითიძე დაინიშნა, რის შემდეგაც სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს ზაქარია ქინქლაძესაც.

ამ საკითხზე, გასული წლის ზაფხულში, „რეგინფოს“ რედაქტორსა და ზაქარია ქინქლაძეს შორის ასეთი მიმოწერა შედგა:

„დავწერე განცხადება, აბა რა მექნა. 12 ივნისამდე შვებულებაში ვარ და მერე დამიკმაყოფილებენ. გიგლა რომ წავიდა, ახალი მინისტრი მოვიდა, შეიცვალა დეპარტამენტის უფროსიც და მოჰყვა ცვლილებები ზემოდან ქვემოთ.

- განცხადების დაწერა ვინ მოგთხოვა შენ?

- განცხადების დაწერა დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა შემომითვალა. კახეთში მანამდე ჩემმა ყოფილმა უფროსმა დაწერა განცხადება და წავიდა. მერე მე ვასრულებდი მოვალეობას. დანიშნეს იმის ადგილზე ახალი უფროსი და ახლა ჩემი ჯერი დადგა.

- რამე ხომ არ გააფუჭეთ, რატომ დაგერივნენ?

- რა გავაფუჭე, ერთ-ერთი წარმატებული განყოფილება მქონდა ქვეყნის მაშტაბით. ორ-სამჯერ ვასრულებდი სამმართველოს უფროსის მოვალეობას რამდენიმე თვით და სამართალდარღვევების გამოვლენით სულ პირველ ადგილზე ვიყავი თითქმის.

- რატომ დაწერე მაშინ განცხადება?

 

- აბა რა გამეკეთებინა, დამეწყო ბრძოლა და სხვები მოხვედრილიყვნენ დარტყმის ქვეშ? განყოფილებას გამიფუჭებდნენ.

სხვები დაზარალდებოდნენ, თორემ მე წინააღმდეგობა არ მეზარება. რაკი ასეთი მიდგომა აქვთ საქმის მიმართ, არც მიღირს მაშინ მუშაობა“.

ზაქარია ქინქლაძის ახლობლების მტკიცებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ მის „გაფუჭებას“ ცდილობდნენ.

ჩხრეკის შედეგად, ახმეტაში, ზაქარია ქინქლაძის საცხოვრებელი სახლიდან სანადირო თოფი და 1000 ლარამდე თანხა ამოიღეს.

ზაქარია ქინქლაძე თბილისში, ე.წ. „მოდულის“ შენობაში ჰყავთ გადაყვანილი. ადვოკატი დაკავებულთან შეხვედრას ხვალ აპირებს. ხვალვეა დაგეგმილი მისი დაკითხვაც. ბრალის წაყენების შემთვევაში სასამართლო ქინქლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 10 თებერვალს იმსჯელებს.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]