weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღებას არ აღიარებს

22:24 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 7 თებერვალს, თელავში, სამმართველოს შენობაში დააკავეს, ქრთამის აღებას არ აღიარებს.

პროკურატურამ ზაქარია ქინქლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქინქლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 9 თებერვალს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ზაქარია ქინქლაძისთვის ქრთამის სახით 2500 ლარის მიცემას შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, რამაზ ლეფსვერიძეს ედავებიან. „რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლეფსვერიძეს ქინქლაძისთვის ქრთამის მიცემას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესო შუბითიძე სთხოვდა.

შუბითიძის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ლეფსვერიძემ, ქინქლაძეს სამუშაო ოთახში 2500 ლარი გადასცა. ქინქლაძეს თანხის აღებაზე უარი უთქვამს, რის შემდეგაც ლეფსვერიძეს მისთვის განუმარტავს, რომ მისი ვალი ჰქონდა, კერძოდ, მისგან წამოღებული ვაზის ნერგის ფული ჰქონდა გადასახდელი. ზაქარია ქინქლაძის ოჯახი ახმეტაში კოოპერატივ „ბითაანის“ თანამესაკუთრეა. კოოპერატივი სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგს აწარმოებს და ყიდის.

ზაქარია ქინქლაძემ მისი კაბინეტიდან გარეთ გასულ ლეფსვერიძეს დატოვებული თანხა რამდენიმე წუთში უკან დაუბრუნა იმ ახსნით, რომ ნერგი კოოპერატივიდან წაიღო და თანხაც იქ გადაეხადა, რასაც თავის ჩვენებაში ლეფსვერიძეც ადასტურებს, თუმცა სუს-ს ქინქლაძისთვის თანხის გადაცემა უკვე კამერით ჰქონდა გადაღებული. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ქინქლაძისთვის თანხის გადაცემის მომენტში მის ოთახში ლეფსვერიძის გარდა ბესო შუბითიძე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, სუს-მა გუშინ ზაქარია ქინქლაძის გარდა, რამაზ ლეფსვერიძეც დააკავა. მას ბრალად ქრთამის მიცემა ედება. ქრთამის მიცემის ბრალდებით ასევე დაკავებულები არიან შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფშავლიშვილი, გიორგი არჩუაშვილი და მოქალაქე ვაჟა ფშავლიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო გაჩეხვაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს, შპს „გრემის“ დამფუძნებლებმა, ქრთამის სახით ყოველთვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფშავლიშვილმა გადასცა.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლეფსვერიძემ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლეფსვერიძემ ზემოხსენებულ მაღალი თანამდებობის პირს, მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ყოველთვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი, 8000 ლარი გადასცა.

„რეგინფოს“ მიერ ჩატარებული მოკვლევით, სუს-ის განცხადებაში მითითებული მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ქრთამი გადასცეს, სამმართველოს უფროსი ბესო შუბითიძეა, თუმცა იმის გამო, რომ მან „სუს-თან ითანამშრომლა“ დაკავებული არ არის და ჯერ-ჯერობით თანამდებობასაც ინარჩუნებს. ბესო შუბითიძე „რეგინფოსთან“ კომენტარს არ აკეთებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]