weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილს აქვეყნებს

14:46 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

გენერალური პროკურატურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვეყნებენ წერილს, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, 5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას წარადგინა.

პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილი კომპიუტერულ პრინტერზეა დაბეჭდილი და არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.

„მამუკა ხაზარაძემ სიტყვიერად განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო“, – აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პროკურორის განცხადებით, სასამართლოში დაკითხვისას ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს:

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს ტვ იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).

მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, რომ მათ მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

„არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიეტურობის მაღალი ხარისხი.

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებლივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რეპუტაციას დაუნგრევდნენ. მოგვიანებით, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის დროს, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მოთხოვნები, რაზეც წერილში იყო საუბარი, არ შეუსრულებიათ. მისივე განცხადებით, მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

პარლამენტის კომიტეტში გამოსვლიდან მეორე დღეს მამუკა ხაზარაძე წერილთან დაკავშირებით დაკითხეს. მანამდე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიკითხა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან რაიმე წერილის თაობაზე არაფერი უთქვამს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]