weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

წვევამდელ გახრამანოვის საქმეზე ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს უფლებამოსილება შეუჩერდა

12:28 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

სამხედრო პოლიციაში მარნეულელი წვევამდელის, ქიაზიმ გახრამანოვის საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად, ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე სამხედრო ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს უფლებამოსილება შეუჩერდა, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი შესაძლოა ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, 9 მარტს, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ, წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, მათი კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით.

ბაზერაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე (გამოძალვა) და 386-ე (ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა) მუხლებით. აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება“, – აღნიშნა ირაკლი ბაზერაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ქიაზიმ გახრამანოვმა განაცხადა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში, მეთაურების თანდასწრებით, სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

„ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს. ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს“, – ამბობს წვევამდელი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ქიაზიმ გახრამანოვს და მისი ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სასწავლო ცენტრში ადგილი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, რადგან „ასე სასტიკად ძირითადად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს უსწორდებიან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]