weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურჯაანის სოფელ კალაურში პოლიციას ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ

12:17 ორშაბათი, 18 მარტი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. მაია ამონაშვილის განცხადებით, მას და მის 24 წლის შვილს, ზაქარია ამონაშვილს, პოლიციელები ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიციასა და ამონაშვილებს შორის ბოლო ინციდენტი კალაურში გუშინ, კვირას, დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც მაია ამონაშვილი ამბობს, სამართალდამცველები მის შვილთან თბილისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მივიდნენ და პოლიციაში წაყვანას უპირებდნენ.

„თბილისში ჩემს შვილს ქამრის ბალთაზე დანისმაგვარი, წვერიანი ნივთი აღმოუჩინეს, რაზეც პოლიციაშიც იყო მისული და გამოუშვეს. გუშინ, როდესაც თბილისიდან ჩამოვიდა, სოფლის გზაზე დახვდა პოლიცია - სასამართლო აქვს და არ გამოცხადდაო. როდის აქვს-მეთქი და 20 მარტსო. მერე, 20 უკვე იყო-მეთქი? თბილისში მომხდარი შემთხვევა იყო მხოლოდ მოსვლის საბაბი. სცემეს და დაბლა ათრიეს, პირიდან სისხლი გასდიოდა. დალურჯებები აღენიშნება. ჩემს თვალწინ ჩემს შვილს წიხლებით შედგნენ და მეც სახალხოდ მათრიეს. შესაძლოა, საღ გონებაზე არ იყვნენ. მთელი უბანია ამის მომსწრე“, – უთხრა მაია ამონაშვილმა „რეგინფოს“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამონაშვილები პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მალხაზ და ალექსი ამონაშვილები ერთი წლის წინ ამბობდნენ, რომ სამართალდამცველები მათზე იმ დანაშაულებების დაბრალებას ცდილობენ, რაც არ ჩაუდენიათ.

„სამი შვილი მყავს და სამიზევე ზეწოლა მიმდინარეობს. იმიტომ ავიწროებენ, რომ მათი მამა „მხედრიონელი“ იყო. თელავის პოლიციის უფროსი იარაღის ჩადებით გვემუქრება. ამბობს, რომ მათი მამა ეზიზღება და ესენი ციხეში უნდა გამოამწყვდიოს. გვაფრთხილებენ, რომ კალაურში არ ჩამოვიდეთ“, – ამბობს მაია ამონაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. მათივე განმარტებით, სამართალდამცველები ამონაშვილებთან სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად იყვნენ მისულები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]