weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გორის სასამართლო მალხაზ კობაურის სასჯელს დღეს გამოაცხადებს

10:33 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

გორის რაიონული სასამართლო ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელს დღეს გამოაცხადებს. სასჯელის დანიშვნის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე პროკურატურა მხარს დაუჭერს მალხაზ კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მალხაზ კობაურის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და 25 მარტს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მსაჯულებმა კობაური დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით იმ გადაწყვეტილებას, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს, გვაქვს სამწუხარო მოლოდინი, რომ სასამართლო გაითვალისწინებს პროკურატურის ბრალდებას და დიდი ალბათობით, ყველაზე მკაცრ სასჯელს - უვადო პატიმრობას გამოიყენებს“, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

19 წლის მალხაზ კობაურს ბრალი რაიან სმიტისა და 4 წლის ბავშვის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ედებოდა, 2018 წლის 9 ნოემბერს კი ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ მას ბრალად წარედგინა ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალის დამძიმების შემდეგ მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

დანაშაული, რომლის ჩადენასაც კობაურს ედავებიან, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 2018 წლის 4 ივლისს მოკლეს. კობაურის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულს პოზიცია არ შეუცვლია და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]