weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სამინისტრო განმარტავს რატომ ითხოვს ეკატერინე ქვლივიძის 28 000 ლარით დაჯარიმებას

13:31 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019
ფოტოზე ეკატერინე ქვლივიძე ფოტოზე ეკატერინე ქვლივიძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რატომ ითხოვს ყოფილი თანამშრომლის, სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის 28 000 ლარით დაჯარიმებას.

სამინისტროს განმარტებით, 2017 წლის 30 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და ეკატერინე ქვლივიძეს შორის 8 წლის ვადით ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე მფრინავი 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე, რაზეც, სამინისტროს ინფორმაციით, 49 ათასი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

„ამას ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით. ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ მას წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მას შემდეგ, რაც ეკატერინე ქვლივიძე მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს, ვალდებული იყვნენ კანონით გათვალისწინებული სანქციები მოეთხოვათ.

„საკონტრაქტო პირობებს, მათ შორის ძვირადღირებულ უცხოური სამხედრო განათლების მიღებას, გააჩნია თავისი ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისთვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ.

„მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი უფლებების გამუდმებით დარღვევის გამო, იძულებული გახდა უწყებასთან კონტრაქტი შეეწვიტა.

ეკატერინე ქვლივიძის მტკიცებით, აშშ-დან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაარკვია, რომ ის წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე იყო გადაყვანილი. ასევე აღმოჩნდა, რომ აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში.

ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ.

ეკატერინე ქვლივიძის თქმით, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გადასულიყო ქვეით ჯარში, რაზეც გამოთქვა პროტესტი, „რადგან ამით, პრაქტიკულად, სრულდებოდა მისი, როგორც მფრინავის, კარიერა“.

მფრინავის განცხადებით, მან ხელმძღვანელობას შესთავაზა, გაეგზავნათ ავღანეთის მისიაში, სადაც სრულად შეძლებდა აშშ-ში, ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიღებული გამოცდილების გამოყენებას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი განუცხადეს; ხოლო 2018 წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, რომლებიც არ დაუკმაყოფილეს. ამის შემდეგ მან ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკატერინე ქვლივიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ხოლო საქმის მოკვლევამდე სარჩელი უკან გაიხმოს. ეკატერინე ქვლივიძე გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლის თხოვნით სახალხო დამცველსაც მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]