weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

02:30 სამშაბათი, 02 აპრილი 2019
ფოტო: ipn.ge ფოტო: ipn.ge

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექვსივე პირი გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყვნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე, თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მკვლევარი ცოტნე ცხვედიანი.

ექვსივე დაკავებული ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების [წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] საფუძველზე იყვნენ დაკავებულები.

როგორც ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება. ამასთან, მენაბდემ აღნიშნა, რომ შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან სამსახურში. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული უსაფრთხო შრომის პირობები.

ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ, რომ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ ითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მენამდემ.

პირველ აპრილს, საღამოს, მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია გვიან ღამით პოლიციის განყოფილებასთან დასრულდა. დემონსტრანტები აქციაზე თბილისის მერის, ჯანდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვდნენ. მათ თბილისის მერია განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „კახა კალაძე მზად არის უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს“.

ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის სახლთან გადაინაცვლეს.

საპროტესტო აქციის დასასრულს, შეკრებილებმა განაცხადეს, რომ სამუშაო ფორმატში გადავლენ. მათივე თქმით, შეიქმნება სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც იბრძოლებს შრომის უფლებების დასაცავად.

თბილისში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც 31 მარტს, ჭავჭავაძის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. დაღუპულები 26 და 40 წლის მამაკაცები არიან.

ჭავჭავაძის N5-ში საავადმყოფოს კომპანია „ტრანსმშენი“ აშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება მათ მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას - „ხიმიჯმშენს“ ეკისრებოდა. კომპანიის განცხადებითვე, გარდაცვლილი მუშები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]