weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები პოლიციაში დაიბარეს

14:23 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე ოთხი მოქალაქე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საინიციატივო ჯგუფის „მაჭახლის ხეობა ჰესების გარეშე“ წარმომადგენელმა, როინ მალაყმაძემ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ ადგილობრივებს ჰესის მშენებელმა კომპანიამ უჩივლა.

მალაყმაძის თქმით, სოფელ ქედქედის მცხოვრებლებმა ინვესტორს ტოპოგრაფიული საპროექტო სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცეს, თუმცა ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, ოთხი მოქალაქე პოლიციაში დღეისთვის იყო დაბარებული, თუმცა ისინი განყოფილებაში არ გამოცხადდნენ.

„სამი დღის წინ დამირეკა კომპანიის წარმომადგენელმა ლევან ბაკურიძემ და დამემუქრა, რომ ჩვენს წინააღმდეგ საჩივრებს შეიტანდა პოლიციასა და პროკურატურაში. ეს არის მოსახლეობის დაშინების, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აკიდების მცდელობა.

ასე იქცეოდნენ პოლიცია და ინვესტორები რაჭაში, სვანეთში, პანკისში, სადაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იყო. ეს დაშინების ერთგვარი მეთოდია, ამიტომ, კანონის ფარგლებში, დაბარებული ოთხი პირი არ მივიდა დღეს დაკითხვაზე.

იქ მთელი სოფელი ვიყავით და ​ერთად გამოგვკითხონ, ერთად ვაგებთ პასუხს ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა როინ მალაყმაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

მისივე თქმით, ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილებაში ქედქედის მოსახლეობა ხვალ გამოცხადდება.

სოფელ ქედქედში მცირე ზომის ჰესის მშენებლობას კომპანია „ბიჯით ტრეიდი“ გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ბაკურიძე აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ მათ პოლიციისთვის არ მიუმართავთ, თუმცა თუ სამუშაოების ხელშეშლის ფაქტები კიდევ მოხდება, სამართალდამცველებს აუცილებლად მიმართავენ.

კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებების პროცესში იურისტი გიორგი ხიმშიაშვილია ჩართული. მისი თქმით, ქედქედის მცხოვრებლებს „ამ მცირე ზომის ჰესის მშენებლობის მიმართ წინააღმდეგობა არ აქვთ, თუმცა ხეობაში სხვა კომპანიების დიდი ჰესების აშენება არ სურთ და წინააღმდეგობის კამპანიაში ესეც მოექცა“.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ წინასაგამოძიებო მოქმედებები ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლებიც სამუშობის ხელშეშლაზე საუბრობდნენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]