weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 36 წლის გახდებოდა

17:28 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

2 აპრილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. დღეს ის 36 წლის გახდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც მოკლულის ოჯახის წევრებს დაპირდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

„ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და მთლიანად სახელმწიფო, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ მკვლელობაში დამნაშავეები დაისაჯონ და მომავლში აღარ ხდებოდეს, ის რაც ოკუპაციის პირობებში ხდება.

იმ მიზნებს მივაღწიოთ მშვიდობიანად, რასაც არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დათო ბაშარული და უამრავი ჩვენი ახალგაზრდა შეიარაღებული დაპირისპირებების, რუსული აგრესიის დროს შეეწირა. ასევე, ჯერ კიდევ გამოსაძიებელია ირაკლი კვარაცხელიას საქმე. მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ ჩემი და სახელმწიფოს სახელით. გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გმირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც დაკავებული იზოლატორის კიბეზე დაგორდა. ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ საათში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, გარდაცვლილის ოჯახი და საპატრიარქო ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი და ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი აცხადებდა, რომ ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს სხვადასხვა ადგილზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ის აწამეს.

ამ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი. მათ საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

2018 წლის ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, „ემპათიას“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. ცენტრის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო სარჩელს დაჩქარებული წესით განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]