weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საქმეების გამოძიებას ითხოვენ

11:09 ორშაბათი, 15 აპრილი 2019
ფოტოკადრი აჭარის ტელევიზიის სიუჟეტიდან ფოტოკადრი აჭარის ტელევიზიის სიუჟეტიდან

ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი რვა პაციენტის ახლობლები საქმეების გამოძიებას და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„დროულად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს ამა თუ იმ ექიმის ბრალეულობას თუ სიმართლეს. ჩვენ მივმართეთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, პროკურატურას, მაგრამ ძვრა არ არის. გამომძიებელი, რომელიც ჩვენს საქმეს იძიებს, ხუთთვიან კურსებზეა თბილისში გაგზავნილი. მივდივართ საგამოძიებო ორგანოში და პასუხი არანაირი არ არის. პროკურორი არ გვიღებს“, – განაცხადა გარდაცვლილი ელზა ჩხობაძის შვილმა, ლია ლომთათიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

„2018 წლის 30 მარტს, ტელევიზიაში ზუკა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა კლინიკა „მედცენტრში“, სადაც გარდაიცვალა. რეგულირების სააგენტომ ექიმის შეცდომა დაადგინა და ლიცენზია ერთი თვით შეუჩერა.

ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ რეგულირების სააგენტოს. მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არათანაზომიერია ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებაში“, – ამბობს ზუკა ფაღავას და, ანა ფაღავა.

აქციაზე იმყოფებოდნენ 21 მარტს, „მედცენტრში“ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები. მათ პრეტენზია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც ახალგაზრდა ქალი სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა. პაციენტის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მულხით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„დაისაჯოს ყველა ის ექიმი და ექიმის თანაშემწე, რომლებმაც თავიანთი უცოდინრობით სიცოცხლეს გამოასალმეს ახალგაზრდა ადამიანები“, – განაცხადა გარდაცვლილი ნათესავმა ნათელა ფუტკარაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდა და უთხრა, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო განიხილავს. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეები და მიქელაძე შეთანხმდნენ, რომ დღეს, 12:00 საათზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ და შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]