weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საია ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

13:28 შაბათი, 20 აპრილი 2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პროკურატურას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები, 55 წლის ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმე და დაადგინოს, პოლიციელთა შესაძლო პასუხისმგებლობა. საია-ს განცხადებით, მთავრიშვილი პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

საია აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, 2019 წლის 22 მარტს, ოჯახში შეკამათების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები მათთან სახლში მივიდნენ. გარდაცვლილის დის განმარტებით, ოთახში შესვლისთანავე პოლიციის თანამშრომლები ზვიად მთავროშვილს უხეშად მიმართავდნენ. გამოკითხვის მიზნით, პოლიციელებმა ის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. საია-ს განცხადებით, სახლში დაბრუნებისას ზვიად მთავრიშვილი უჩიოდა თავის ტკივილს და ამბობდა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში  დაზიანებები მიაყენეს.

„ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაუარესდა, კერძოდ, მას დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები და მეხსიერებასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები. 1-ელ აპრილს იგი გურჯაანში მდებარე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაესვა დიაგნოზი - ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, კომა. იმავე დღეს ზვიად მთავრიშვილი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა ,,კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკამრისობა“, – ნათქვამია საია-ს განაცხადებაში.

ზვიად მთავრიშვილი 15 აპრილს, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. საია, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს სამოხელეო დანაშაულის მუხლით.

„იმ პირობებში, როდესაც პირი ფიზიკური დაზიანების მიყენებისას იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ და არსებობს ეჭვი, რომ იგი პოლიციის შენობაში არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით (წამება/არასათანადო მოპყრობა) მიმდინარეობდეს და არა ისეთი ზოგადი მუხლით, როგორც სამოხელეო დანაშაულია.

ამასთან, მნიშვნელოვანია, საოლქო პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დროულად ჩაატაროს ყველა აუცილებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საია მოუწოდებს პროკურატურას:

  • უზრუნველყოს ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება პოლიციელთა შესაძლო პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად, მათ შორის დროულად მოიპოვოს პოლიციის განყოფილებასთან ან/და განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, დაკითხოს შესაბამისი მოწმეები და დროულად დაადგინოს ზვიად მთავრიშვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი;
  • უზრუნველყოს სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიების გაგრძელება წამების ან/და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით;
  • მიანიჭოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოს მათი ეფექტიანად ჩართვა მიმდინარე გამოძიების პროცესში.
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მთავროშვილის საქმე კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედების საჭიროებას, რომელსაც მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიების სრულყოფილი მანდატი ექნება. საია-ს შეფასებით, პარლამენტმა დაუსაბუთებლად, ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მოტივით, 2019 წლის ივლისისთვის გადაავადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]