weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გორში პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ვლადიმერ ხომერიკს აქციით დახვდნენ

23:43 შაბათი, 20 აპრილი 2019

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი გორში იმყოფებოდა და კინოთეატრ „გამარჯვებაში“ შეკრებილ ხალხს შეხვდა. ადგილობრივების ნაწილმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ხომერიკის ვიზიტი გააპროტესტეს და დახვდნენ შეძახილებით „მოღალატე“, „პუტინის მონა“.

გორის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ვასილისა ჯაბახიძემ და ბექა ქორჩილავამ კინოეთეტრის წინ, პროტესტის ნიშნად, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი პლაკატები დაწვეს.

როგორც ხომერიკმა განაცხადა, მისთვის გორელების პროტესტის მიზეზი გაუგებარია.

„მე რუსეთის მოქალაქე ვარ. თუ რუსეთი ოკუპანტია, ესე იგი, მეც ვარ ოკუპანტი. თუ არ გინდათ, რომ იყოს ოკუპირებული, უნდა დაიწყოს ლაპარაკი. რატომ არ უნდა ხელმძღვანელობას, რომ შეხედოს თვალებში და უთხრას – შენ ხარ ოკუპანტი, შენ აიღე ჩემი ტერიტორიები, შენ ეს სწორად არ გააკეთე, შენ შენი ყირიმი დაიბრუნე და ჩემი აფხაზეთი და სამაჩაბლო რატომ წაიღე? ჩვენ გვეშინია ამის ლაპარაკი, უნარიც არ გვაქვს და შნო ამისი. ვყვირით – ვიდრე არ დაგვიბრუნებთ, არ დაგელაპარაკებით. აშკარაა, რომ ეს ჩიხია. მთავრობამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი. რუსეთი იყო განწყობილი. რუსი ხალხი მშვენივრად არის განწყობილი, მილიონ ტურისტზე მეტი ჩამოდის“, – განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.

მისივე თქმით, გორში გამართული შეხვედრა „სახალხო დიპლომატიაა“.

კინოთეატრის დარბაზში ხომერიკის გამოსვლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა აქტივისტებმა – არინა თავაქარაშვილმა და მიხეილ მთიულიშვილმა განცხადებები გააკეთეს, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები და სტვენა მოჰყვა.

„გული მტკივა, გორში რომ ხდება ეს ყველაფერი; რომ ორასი წელია ვერ გავიაზრეთ, ვინ არის ჩვენი მტერი“, – განაცხადა მიხეილ მთიულიშვილმა.

„ეს არის უდიდესი სირცხვილი ამ ქალაქის, სადაც რუსებმა 2008 წელს ბომბები ჩამოყარეს. რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ქალაქის მთავარ მოედანზე სამოქალაქო პირებს, რომლებიც ამ ომის შედეგად დაიღუპნენ... რუსეთი ოკუპანტია“, – აღნიშნა თავაქარაშვილმა.

 ფოტო © ვასილისა ჯაბახიძე / Facebook

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]