weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რა ეტაპზეა პანკისში 2 ჰესის მშენებლობაზე დაწყებული სასამართლო დავები

15:57 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

პანკისის ხეობის მცხოვრებლებს ხეობაში დაგეგმილი ორივე ჰესის – „ხადორი 3“-სა და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც მათ ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ სასამართლოში ოთხი პარალელური დავა მიმდინარეობს.

5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“-თან დაკავშირებით ორი სარჩელია წარდგენილი. აქედან პირველი სარჩელი შეტანილია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომელმაც, მომჩივანთა აზრით, ჰესის მშენებლობაზე ნებართვა კანონდარღვევით გასცა. აღნიშნულ საქმეს თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს. მეორე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ სამინისტრომ უკანონოდ გასცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა – დოკუმენტი, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ჰესის გარემოზე ზემოქმედებისა და რისკების შემცირების საკითხი.

EMC-ის ინფორმაციით, „ხადორი 3“ დავის ფარგლებში, დააყენეს შუამდგომლობა, რომლითაც სასამართლო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ. თელავის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც იმით დაასაბუთა, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა ვერ დაინახა.

რაც შეეხება 26.28 მვტ სიმძლავრის „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობას, ამ საკითხზე სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართეს და მოითხოვეს იმ აქტების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც აღნიშნული ჰესის მშენებლობა შესაძლებელი გახდა.

EMC-ის განმარტებით, დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: პირველი – მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ; მეორე – ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

EMC-ის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით არცერთ საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა არ დაწყებულა.

სოფელ ბირკიანთან, „ხადორი 3“ ჰესის აშენება კომპანია „ალაზანი ენერჯის“ სურს და სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლომდე აპირებს. „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობას კი შპს „ფერი“ გეგმავს.

21 აპრილს, პანკისის მოსახლეობამ „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლება გააპროტესტა, რასაც სამართალდამცავებთან შეტაკებები მოჰყვა. დღის ბოლოს, უხუცესებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიასა და მოსახლებას შორის შეთანხმების მიღწევამდე „ხადორი 3“-ის მშენებლობა არ განახლდება, ხოლო „სამყურისწყალი 2“-ის პროექტის განხორციელება გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]