weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კოცნას ხომ არ დავუწყებთ საომრად მოსულ ხალხს? – პანკისელები გახარიას პასუხობენ

18:03 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. მათი თქმით, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადგილობრივების დაკავებამ შესაძლოა ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს.

„გახარია ამბობს, ვინც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ზარალი მიაყენა, დავიჭერთო. კოცნას ხომ არ დავუწყებთ საომრად მოსულ ხალხს?“;

„ერთ-ერთი რომ დააკავონ, ისევ გუშინდელივით რაღაც შუღლი არ მოხდეს ერთმანეთში. ძმობაში გავატაროთ. რაც მოხდა, მოვკლათ გუშინ. არანაირი ჰესის აშენება პანკისში. ააშენონ ქარხანა, აამუშაონ რაღაც. არ გვინდა ჰესი. რაც აშენდა, ისიც გვყოფნის“, – განაცხადეს შეკრებილებმა.

მათ სამართალდამცავებთან დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრეს და 2017 წლის ბოლოს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტი გაიხსენეს.

„მოსახლეობის გაღიზიანების მიზეზი არის ის, რომ ღამით მოვიდნენ და ჩვენი უმცროსი ძმა, თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს ლოგინში. პირველი მიზეზი არის ეს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა.

შეკრებაზე ითქვა, რომ „ხადორი 3“ ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების თაობაზე შეთანხმება შესაძლოა კიდეც იყო რამდენიმე ადამიანსა და კომპანიას შორის, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ჰესის წინააღმდეგია.

„პასუხი მოსთხოვონ მშენებელ კომპანიას. დაიჭირონ ისინი ვინც შეპირდნენ, ჩვენი ქისტები. ვინც იქ იყვნენ გუშინ, მათგან დასაჭერი არავინ არის“;

„ვინც ამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ წავიდა, პოლიციაში დაკითხვებზე იბარებდნენ. ბოლოს მოტეხეს ეს ხალხი და გადაიბირეს. ზოგს სამსახური აქვს და ეშინია დაკარგვა. მათ უკვე თქვეს კიო, გააკეთეთო [ჰესები]. თივას დაპირდნენ ხალხს, ამას მოგცემთ იმას მოგცემთო; სანამ ჰესი იარსებებს სამსახური გექნებათო. ამის გულისთვის გადაიბირეს. 10-15 კაცია. გამყიდველები ყველა ერში არიან“;

„გუშინ რაც მოხდა, მეც არ მსიამოვნებს. არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ რატომ მოხდა? ორი ჰესია ამ ხეობაში. რომ ვიძახით არ გვინდა მესამე ჰესი, ეს ჩვენი აკვიატება კი არ არის, განა არ გვაწყობს შუქი და რაღაც... უბრალოდ, როგორ შეიძლება სოფელში ჰესის აშენება?! წელიწადია მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები ინვესტორთან, ყველასთან... ყოველ თვე აქციებია. რომ გველაპარაკებიან ვეუბნებით – არა, არ გვინდა, სოფელში ნუ აგვიშნებთ ჰესს. ისინი მიდიან ერთეულებთან ლაპარაკობენ, მოდიან და ისევ იწყებენ მშენებლობას. ახლა რა მოხდა – დილაუთენია მოიყვანეს ჯარი. ღამე თურმე ახმეტაში ყოფილა ოთხი ავტობუსი სამხედროებით. რა საჭირო იყო ეს? არ დაგიმთავრებია მოლაპარაკება ხალხთან, დაელაპარაკე, დაითანხმე, რა ჯარით მოდიხარ? ბოლოს და ბოლოს, ყველა დაიცავს თავის სოფელს“, – განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების შემდეგ სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს დასჭირდა.

შსს-მ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]