weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კვლევის შედეგად ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობა დადასტურდა

22:21 პარასკევი, 07 ივლისი 2017

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუშიდან აკრედიტირებულ ლაბორატორიაში 25 უკვე გამოკვლეულია. კვლევის შედეგად, დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა 4 ნიმუშში გამოვლინდა.

მოქმედი კანონმდებლობით ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში.

ჩატარებული კვლევით ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა გამოვლინდა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა - 7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა - 6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა - 5,96მგ/კგ; სუნელი - 5,60მგ/კგ.

ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ნიმუშების აღება მოხდა როგორც მსხვილი, ასევე  მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის აგრარული ბაზრებიდან.

სააგენტოს განცხადებით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც სარეალიზაციო ბაზრიდან პროდუქციის ამოღებას ითვალისწინებს. 

ტყვიას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. ჯანდაცვის რამდენიმე წამყვანი ორგანიზაცია ტყვიას კანცეროგენული, ანუ კიბოს პოტენციურად გამომწვევი ნივთიერების კლასიფიკაციას აძლევს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე პირველად შეტყობინება 2015 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან მიიღო. საკონსულოს ქართულ სანელებლებში ტყვიის საგანგაშო დოზის აღმოჩენის თაობაზე ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა შეატყობინა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ სანელებელს ტყვიის მაღალი შემცველობა აქვს. სპეციალისტების განცხადებით, ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

ტოქსიკური ლითონის მაღალი შემცველობის ქართულ სანელებლებს შორის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დასახელებულია: ყვითელი ყვავილი, ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი, ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი; ქართული მარილი, ან სვანური მარილი; უცხო სუნელი, ან შამბალა; მშრალი აჯიკა; საცივის სუნელი.

ქართულ მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებდა, რომ ქართულ სუნელზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებდა და სააგენტო მუდმივად აწარმოებდა მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]