weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„სოკარის“ სადგურის ჩაკეტვა დავით გარეჯის პრობლემას არ უკავშირდება – მესტიის მერი

14:08 პარასკევი, 10 მაისი 2019

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო წარწერით „სვანებმა გავაჩერეთ „სოკარი“. გარეჯი საქართველოა“. ფოტოზე მესტიის შესასვლელში მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგური ჩანს, რომლის წინაც ღობეა გავლებული.

„რეგინფო“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე შესვლა მართლაც შეუძლებელია, თუმცა ეს დავით გარეჯში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება.

„ღობეებით შემოსაზღვრული ტერიტორია კერძო პირს ეკუთვნის. შესასვლელი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებამდე იყო ჩაკეტილი. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიასა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციისთვის არავის მიუმართავს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარის“ (SOCAR) ბოიკოტირებისკენ მოწოდებები სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტეს. აპრლის ბოლოს, რამდენიმე დღის განმავლობაში მონასტრამდე არ უშვებდნენ არც სასულიერო პირებს და არც ტურისტებს. 26 აპრილიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალია.

დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. როგორც პრემიერ–მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში მთავრობა დაამტკიცებს საზღვრის დამდგენი კომისიის შემადგენლობას, რომელიც აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს. ბახტაძის თქმით, დავით გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება. 

საქართველოს საპტრიარქოს განცხადებით, დავით გარეჯის კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად. ამასთან, საპატრიარქო აცხადებს, რომ „კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]