weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაჩალიკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება – სახალხო კრება

15:41 პარასკევი, 10 მაისი 2019

„ვადასტურებთ ერთსულოვან მხარდაჭერას მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნის მიმართ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროულად მიიღწეს სამართლიანი მართლმსაჯულება და დაისაჯოს დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პანკისის სახალხო კრებამ, პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანკისის ხეობის თითოეული მკვიდრისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ელოდებიან გამოძიების დასრულებას და არსებულ კითხვებზე პასუხს.

„მიუხედავად საკითხის მაღალი აქტუალობისა, ხეობის მოსახლეობა სიფრთხილით ეკიდებოდა თემის პოლიტიზირების რისკებს და თავს იკავებდა რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობისგან. თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესის მხარდაჭერის დასუსტება.

უკვე წელიწადნახევარია ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამრთლებრივ ბრძოლას.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება. თუ დღეს მისი ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას.

ნაცვლად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ბრძოლა იყოს მხარდაჭერილი და საკითხი დროულად გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის არ აღიარების პოლიტიკას, მიზანმიმართული პროვოციერების და მალხაზ მაჩალიკაშვილის სულიერი მდგომარეობით მანიპულაციის მცდელობებს“, – აცხადებს პანკისის სახალხო კრება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხეობის მოსახლეობისთვის თემირლანის საქმე არა მხოლოდ უსამართლო მართლმსაჯულების მაგალითია, არამედ პანკისელების კანონის და სასამართლოს გარეშე ტერორისტებად გამოცხადების პრაქტიკის გაგრძელებაა.

„ჩვენთვის ნიშანდობლივია სუს-ის განცხადებაში მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის კვალიფიკაცია, როგორც ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა. რადგან ამ ფარულ ჩანაწერებში იკვეთება შვილის მკვლელობით სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც საუბრობს შურისძიებაზე და არა რაიმე მიზნის მიღწევაზე საზოგადოების დატერორების გზით. შესაბამისად ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა იმისა ,რომ პანკისის მოსახლეობა კვლავ მოინიშნოს საფრთხედ და ტერორიზმთან კავშირში ხეობის ასოცირებით მოხდეს დასჯასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკის გაგრძელება პანკისის ხეობის მიმართ.

ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობას. ჩვენი ხეობა დაიღალა ამდენი უსამართლობისგან და პოლიტიკური სპეკულირებისგან. ჩვენი ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ სათანადოდ გაიზიაროს ჩვენი წუხილები.

გაიაზროს, რომ ვახა მაჩალიკაშვილის ამგვარი მდგომარეობის შექმნაზე პასუხისმგებლობა სწორედ მის უწყებებს ეკისრებათ და შეწყვიტოს მისი დევნის და ღირსების აყრის პრაქტიკა“, – ნათქვამია სახალხო კრების განცხადებაში.

კრება ხელისუფლებას მოუწოდებს, აღკვეთოს პანკისის თემით მანიპულაციის მცდელობები და უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე პირების დროული და სამართლიანი დასჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

ამასთან, 7 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]