weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ე.წ. ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

10:53 სამშაბათი, 14 მაისი 2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები, რომლითაც ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაცია ხდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ დავის უკანონო განხილვა/გადაწყვეტა - ე.წ. „ქუჩური გარჩევა“ სრულიად ახალი დანაშაულია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს ემატება.

„ამ მუხლში ჩამოთვლილია დანაშაულის ჩადენის ხერხები, რომელიც ცალკე აღებული სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის მიზანი ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად განსხვავებული, გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეთავაზებინა სპეციალური შემადგენლობა 226 (1) მუხლის სახით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს დაფიქსირდა 300-მდე დანაშაული - ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები, მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელსაც წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“.

„ამ კანონპროექტით, პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ იმას, რომ თავიდან ავირიდოთ დანაშაულის უფრო მძიმე შემთხვევები, ჯანმრთელობის უფრო მძიმე დაზიანებები, მკვლელობის მცდელობები იმ გზით, რომ ადრეულ ეტაპზე, რა ქმედებაც ამ ტიპის დანაშაულებებს წინ უძღვის, ეს ქმედებები დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით“, – აღნიშნა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კანონპროქტის თანახმად, დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს. აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტით დასჯადი გახდება, ასევე, დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა ანდა თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით; არაერთგზის ჩადენა; სრულწლოვანის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მხარი დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]