weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

11:44 ორშაბათი, 27 მაისი 2019

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. მეთერთმეტე დღეა, „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი შიმშილობს და შრომის ანაზღაურების მატებას ითხოვს. მათ საპროტესტო მსვლელობას დღეს მოსწავლეთა ნაწილი შეუერთდა.

კომპანიის ხელმძღვანელობასა და მაღაროელებს შორის გუშინ გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ტელეკომპანია „პირველთან“ მაღაროელებმა განაცხადეს, რომ ჭიათურაში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვენ.

„ასეთი დისტანცია არ უნდა ჰქონდეს მთავრობას მოსახლეობასთან. ვთხოვთ, ჩამობრძანდნენ და ადგილზე გაეცნონ ჩვენს პრობლემებს. აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს, რამდენჯერაც წავედით, იმდენჯერ იგივე პასუხი აქვთ“;

„ისევ იგივეს გვთავაზობენ – ხელფასის მატებას 15%-ით და შემდეგ 10%-ით, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა. ისედაც ელემენტარულს ვითხოვთ. მათთვის ჩვენი მოთხოვნა არაფერია. თუ არ დაგვიკმაყოფილებენ, არ გავჩერდებით. აქამდე მოგვიყვანა იმან, რომ არაადამიანურად გვექცეოდნენ, არ გვაძლევდნენ იმას, რაც გვეკუთნოდა, ჩვენს ნაშრომს არ გვაძლევდნენ. მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მოგვაქციოს ყურადღება“, – აცხადებენ გაფიცულები.

მაღაროელები ითხოვენ ხელფასის მომატებას 30%-ით (რეორგანიზაციის შემდეგ +20%-ით), კვების და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, ასევე, მადნით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას.

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით გუშინ მაღაროელებს რამდენიმე წინადადება შესთავაზეს, მათ შორის, 2019 წლის პირველი ივლისიდან ხელფასის 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის პირველი ივლისიდან – 10%-იანი ზრდა;

„ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: პირველი ივლისიდან ხელფასის 10%-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა. სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მზად არიან, კვებითი კომპანია ახლით ჩაანაცვლონ, რაც „თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება“.

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, ისინი გაფიცულ თანამშრომლებს სთავაზობენ სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირებას, ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვას, სამი თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფას. როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, მათ მიერ შეთავაზებული პირობების შესრულებას პროფკავშირები გააკონტროლებენ.

„ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე - რიგითი ჭიათურელებისთვის. სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]