weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

10:50 სამშაბათი, 04 ივნისი 2019
ფოტო © იმედინიუსი ფოტო © იმედინიუსი

მუსლიმები რამადანის თვის დასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, რამადან ბაირამს (არაბულად - იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავენ. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას გასცემენ.

მზის ამოსვლისთანავე სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა საქართველოში მოქმედ მეჩეთებში. ბათუმში ადგილობრივმა მუსლიმებმა ცენტრალურ მეჩეთსა და იმ ტერიტორიაზე ილოცეს, სადაც მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის მშენებლობას გეგმავს. მლოცველთა დიდ ნაწილს ადგილის სიმცირის გამო, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ღია ცის ქვეშ მოუწია ლოცვა.

დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

„ვულოცავ დღევანდელ დღეს მუსლიმ მრევლს, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ვუსურვებ რწმენის სიმტკიცეს და ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ძლიერებას, ერთიანობას და იმ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამონახვას ყოველთვის შევძლებთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რამადან ბაირამს წინ უძღვის ერთთვიანი მარხვა, რომლის დროსაც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მორწმუნეები საკვებისა და წყლის მიღებაზე უარს ამბობენ. წელს რამადანი 6 მაისს დაიწყო, მისი დასრულების შემდეგ კი მუსლიმური კალენდრის (ჰიჯრა) მომდევნო თვე - შავვალი დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]