weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტყვიის მაღალი შემცველობა წითელ წიწაკაში, მშრალ აჯიკასა და სუნელში გამოვლინდა

16:23 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

სუნელ-სანელებლების 75 ნიმუშიდან ლაბორატორიულად ყველა გამოკვლეულია და დარღვევა მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კვლევისთვის სუნელ-სანელებლები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სარეალიზაციო ობიქტებიდან იყო აღებული.

მოქმედი კანონმდებლობით, კილოგრამ სანელებელში ტყვიის შემცველობა 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა - 7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია“); მშრალი აჯიკა - 6,38მგ/კგ (ი.მ. „ელგუჯა ჯახაია“); მშრალი აჯიკა - 5,96მგ/კგ (ი.მ. „გიგა შარანგია“); სუნელი - 5,60მგ/კგ (ი.მ. „მადონა თოდუა“).

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, პროდუქცია, რომელიც ტყვიის გადამეტებულ ნორმას შეიცავს, ბაზრიდან ამოიღეს და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება.

საქართველოში დამზადებული სუნელები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე მას შემდეგ გამოიკვლია, რაც საჯარო გახდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის დასკვნა და რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა.

ტყვიის მაღალი შემცველობის ქართულ სანელებლებს შორის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დასახელებულია: ყვითელი ყვავილი, ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი, ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი; ქართული მარილი, ან სვანური მარილი; უცხო სუნელი, ან შამბალა; მშრალი აჯიკა; საცივის სუნელი.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში. ორსულობის დროს ტყვიამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მეტია ტყვიის შემცველი პროდუქტის მიღების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის რისკი.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]