weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სუს-ის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული საჯარო მოხელეები

16:50 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, შექმნის დღიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 100-ზე მეტ საქმეზე. აქედან, 40-ზე მეტ შემთხვევაში საქმეები საჯარო მოხელეების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე იქნა აღძრული.

სუსის წლიური ანგარიშების მიხედვით, 2015 – 2016 წლებში გამოვლენილ იქნა თაღლითობის - 13, მითვისების ან  გაფლანგვის - 5, კომერციული მოსყიდვის - 7, სამსახურებრივი სიყალბის - 2, სამსახურებრივი გულგრილობის - 2, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 5 ფაქტი, ასევე სხვა ცალკეული დანაშაულები. ამ პერიოდში, საერთო ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 75 პირი.

ამასთან, ანგარიშებში აღნიშნულია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში საჯარო მოხელეთა მხილების კონკრეტული ფაქტებიც. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნენ:

2015 წელს:

  • ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია;
  • ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ქოქოლაძე;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რომან ფუტკარაძე;
  • გარდაბნის გამგეობის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე.

2016 წელს:

  • ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური;
  • სენაკის გამგეობის ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის’’ დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე;
  • ასპინძის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ პლაჭიაშვილი;
  • ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე  გიგა კიკნაველიძე;
  • შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და იმავე სამმართველოს ერთ-ერთი დეტექტივ-გამომძიებელი.

გარდა ამისა, 2016 წლის 25 აპრილს სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე.

რაც შეეხება 2017 წელს, ოფიციალური ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე:

  • გელა კობალაძე - ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე;
  • ირაკლი ლაბაძე - სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი;
  • გიორგი მათიაშვილი - გურჯაანის გამგეობის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • გიორგი მელაშვილი - ონის გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი;
  • თამაზ ინალიშვილი - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი;
  • ოთარ აბესაძე - თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში და სხვ.

ამავე პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო მხილებულ იქნენ თიანეთის გამგებლის პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ასევე თიანეთის გამგებლის 2 წარმომადგენელი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კორუფციის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა. სუს-ის სისტემაში შექმნილია 13 სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, ანტიკორუფციული სააგენტო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]