weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომლის ტერიტორია გუდაურში დაარბიეს, არ გაუქმდება

11:07 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

„მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს“, – აცხადებენ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Mountain Set: Kazbegi-ის ორგანიზატორები. ფესტივალის ჩატარების ახალი ადგილი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალი ბიდარას ტერიტორიაზე, 28; 29 და 30 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა, გუშინ საფესტივალო ტერიტორია ადგილობრივებმა დაარბიეს.

Mountain Set-ის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავის დროზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპრომისზე წავიდნენ და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადაიტანეს.

„თუმცა, ამან შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით.

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.

ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათ მიაჩნიათ, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]