weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოპოზიცია აცხადებს, რომ მელიას საქმეზე ერთ-ერთი მოწმე ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილეა

14:51 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019
პროკურატურის წარმომადგენლები პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენლები პარლამენტში

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ალექსი ბუიშვილია, რომელიც, მათივე თქმით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ალექსი ბუიშვილი ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილედ აღარ მუშაობს, თუმცა, ის შსს-ს თანამშრომელია და კახეთის სამხარეო პოლიციაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ალექსი ბიუშვილის თანამდებობის შესახებ კომენტარს არ გააკეთებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, კობა ნაყოფიამ პარლამეტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ, პროკურატურის წარმომადგენელს ჰკითხა, იცის თუ არა, ვინ არიან ბრალდების მხარის მოწმეები ნიკა მელიას საქმეზე.

„თუ არ იცით, მე გეტყვით: დავით ბარამაშვილი – სუს-ის თანამშრომელი; სანდრო ბარამაშვილი – შსს-ს თანამშროელი; ალექსი ბუიშვილი – ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე; ირაკლი შაიშმელაშვილი – თავდაცვის სამინისტრო; ნათია ბერიძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2018 წელს არჩევნებში, თქვენი კომისიის თავმჯდომარე თუ მისი მოადგილე ერთ-ერთ რაიონში და ამავე დროს ბაღის თანამშრომელი.

ესენი არიან მოწმეები? ესენი არიან მელიას მომხრეები, რომლებიც იქ იდგნენ და ვისზეც უნდა განახორცილოს მან შემდგომში ზეწოლა?“, – განაცხადა ნაყოფიამ.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა მოწმეებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან მოწმეთა დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი.

„ნამდვილად ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რაც დეპუტატებმა გააჟღერეს მოწმეებთან დაკავშირებით, თუმცა, შემიძლია დავადასტურო, რომ ბუნებრივია, აქციაზე მყოფი პირებიდან მოხდა ადამიანთა გარკვეული რაოდენობის მოწვევა და მათი დაკითხვა. ბუნებრივია, ესენი არიან, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იქ წესრიგს იცავდნენ. ასევე, იმ პირებიდანაც ნაწილი, რომელიც იმყოფებოდა უშუალოდ პარლამენტის წინ. ჩემთვის გასაკვირია საიდან ფლობენ დეპუტატები ამ ინფორმაციას [მოწმეების შესახებ]“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პროკურატურა აპირებს, 20-21 ივნისს, პარლამენტის შონობათან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინოს. მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება პროკურატურამ 25 ივნისს გამოიტანა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

ამირან გულუაშვილის თქმით, არსებობს როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ დეპუტატს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.

„გასათვალისწინებელია, რომ ნიკანორ მელიას ბრალი ედება, იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, არსებობს საფრთხე ნიკანორ მელიამ გამოკითხულ და გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა, შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენებები“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ მოწმეთა შორის მისი მხარდამჭერებიც არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]