weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ერთი ადამიანი დგას – „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები

17:05 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ისინი ამბობენ, მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელეკოპანიას შორის ერთი ადამიანი დგას, რომელიც ქიბარ ხალვაში არ არის.

აქიმიძისა და დვალის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2004 წელს, ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რითაც ფეხქვეშ გათელა ისეთი ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება.

დღეს „რუსთავი 2“-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სიტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2“-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

როგორც არ უნდა დამთავრდეს „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის - სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები.

დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის, ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – ნათქვამია აქიმიძისა და დვალის განცხადებაში.

18 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც 2017 წლის მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო. 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა.

18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

„რუსთავი 2“-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. იგი ამბობს, რომ ტელეკომპანია 2004 წელს შეიძინა, რისთვისაც 1 მლნ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ჯემალ იმნაიშვილის ხელით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუხადა, გარდა ამისა, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილი, რაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო. ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში იჩივლოს და „რუსთავი 2“-ის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]