weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მიტროპოლიტის პროტესტის გამო, ლენტეხში შესაძლოა დალის ქანდაკება აღარ დადგან

22:02 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

დაბა ლენტეხის ცენტრალურ მოედანზე ქართული მითების პერსონაჟის, ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იყო დაგეგმილი, თუმცა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, შესაძლოა აღარ დაიდგას. მეუფე სტეფანეს აზრით, აღნიშნული ქანდაკების აღმართვა კერპთაყვანისმცემლობაა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლენტეხის ცენტრში შადრევნის მოწყობისა და ქანდაკების დადგმისთვის ტენდერი მაისში გამოაცხადა. ტენდერში შპს „დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა“ გაიმარჯვა და მერიამ მასთან ხელშეკრულება 11 ივნისს გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, არქიტექტურული კომპოზიციისა და შადრევნის მოწყობისთვის 185 435 ლარი უნდა დახარჯულიყო, სამუშაოები კი 2019 წლის 9 სექტემბრისთვის დასრულებულიყო.

გამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, სამუშაოები მეუფე სტეფანეს წინააღმდეგობის გამო არ დაწყებულა. სასულიერო პირი ადგილობრივ ხელისუფლებას დალის ქანდაკების სვანური კოშკით ან სხვა სიმბოლიკით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ ყველას, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და ამავე დროს მხარს უჭერს ლენტეხის ცენტრში დალის კერპის აღმართვის იდეას. დალი, ეს არის მითოლოგიური პერსონაჟი მზეთუნახავის გარეგნობის, ულამაზესი საბედისწერო ქალი. ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის ფორმით. იგი, მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და ექნება სექსუალური კონტაქტი, ეხმარება ნადირობაში. მონადირე ამ საიდუმლოს ინახავს და პირობის დარღვევის შემთხვევაში იღუპება“, – ნათქვამია მრევლისადმი მიმართვაში, რომლის შინაარსი მეუფე სტეფანემ „ქუთაისი პოსტს“ გააცნო.

მიტროპოლიტის თქმით, ქანდაკების შესახებ მრევლისგან შეიტყო და როგორც ქრისტიანი, თავი ვალდებულად მიაჩნია, საზოგადოება გააფრთხილოს: „მე ვაფრთხილებ ყველა ქრისტიანს, რომ ეს არის კერპი, მაქცია და მისი დადგმა არ შეიძლება. არ შეიძლება ჩვენ გამოვიგონოთ ღმერთი. კერპები წარმოაჩენენ სიძვას, მრუშობას და უამრავ მანკიერებას. ამიტომ, ვინც გულგრილად შეხედავს ამ საკითხს, უნდა იცოდეს, რომ ესეც ცოდვაა. თუ ჯერ კიდევ არის ვინმე ადგილობრივ ხელისუფლებაში, რომელიც ასე არ ფიქრობს, დროა მოინანიოს“, – ციტირებს „ქუთაისი პოსტი“ მიტროპოლიტის განცხადებას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხისადმი მეუფის დამოკიდებულება მისთვის ცნობილია. მისივე თქმით, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა, სავარაუდოდ, მისი კორექტირება მოხდება. ამასთან, „ქუთაისი პოსტის“ ცნობით, მერმა არ იცის, რატომ შეირჩა ქანდაკებისთვის დალის პერსონაჟი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]