weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დავით გარეჯში გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა – ლაშა დარსალია

16:53 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, მრევლისა და ტურისტების გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვაა დაწესებული. გარდა ამისა, გაზრდილია აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეების რაოდენობა.

როგორც ლაშა დარსალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვები უკავშირდება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეების შორის 14 ივლისს მომხდარ დაპირისპირებას.  

„აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.

ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე, ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა. ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით“, – განაცხადა დარსალიამ.

ლაშა დარსალიას ინფორმაციით, გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება.

„ამ პროცესების პარალელურად, დაუშვებელია ვითარების ხელოვნურად დაძაბვა. მსგავსი ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად“, – განაცხადა დარსალიამ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა ბაქოში, მიმდინარე წლის 23-24 მაისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]