weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსთავი 2-ში გამოთავისუფლებულ ადგილს „ქართული ოცნება“ იკავებს – აქიმიძე და დვალი

14:39 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

„2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა განაცხადეს.

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „რუსთავი 2“-ის „მიტაცების“ დასტურია ის, რომ 30 ივლისს, ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა მათ მხოლოდ 40%-ის გადაცემა შესთავაზა.

„ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში, მიზანმიმართული ქმედებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულად კი გვცნო, მაგრამ საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ბოლოდროინდელი შემოთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას.

ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენს წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით. ჩვენთვის რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს, ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო ტროლებისა და ბოტების გააქტიურების გზით, აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურად გამოგვაცხადებდა, რომ ჩვენ დიდსულოვნად არ ვიღებთ ბოძებულ საჩუქარს.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2“-ის კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში.

ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს, „რუსთავი 2“-ის უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება“ ამ საქციელით ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2“-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

ჩვენი მიზანია სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი გზით და არა კულუარული გარიგებების შედეგად. სახელმწიფო ჩვენს მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის თანახმადაც, ყველას, ვისაც ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩედენილი იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ. შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნება.

ჩვენ განვაგრძობთ სამართლებრივ ბრძოლას, რათა „რუსთავი 2“-მა დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების – თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია“, – განაცხადეს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]