weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა ჯეირანლი აზერბაიჯანს გადასცეს – ადვოკატები

17:01 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019
ფოტოზე ფარმან ჯეირანლი ფოტოზე ფარმან ჯეირანლი

კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელს, ფარმან ჯეირანლის, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობისთვის არის მსჯავრდებული, პატიმრობის ვადა 20 აგვისტოს ეწურება. როგორც მისმა ადვოკატებმა, თამარ ბოსტაშვილმა და გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადეს, გათავისუფლების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, ის აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

„ფარმან ჯეირანლის პირობით ვადამდე გათავისუფლება არ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული გარემოებები. აზერბაიჯანის ხელისუფლებას სჭირდებოდა დრო იმისთვის რომ არარსებული საქმე აღეძრა მის წინააღმდეგ. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მას უპირებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციას. მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა თამარ ბოსტაშვილმა.

ადვოკატის თქმით ჯეირანლის ექსტრადირება დაუშვებელია, რადგან ის დაბადებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში და საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

„მას 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში, ხოლო მის კლინიკაში „ლანცეტში“, ახლანდელ „ვივა მედში“, ექვსასზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ფარმან ჯეირანლის კიდევ ერთი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აზერბაიჯანი პოლიტიკურ დევნას აწარმოებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის ოპოზიციონერების დამფინანსებელია.

„აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა იმ თვალსაზრისით, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლებას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს, ხოლო საქართველოში არიან ძალები და როგორც ჯეირანლი ამბობს, ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საავადმყოფოს მიტაცებით, წართმევით. მას ბრალი წაუყენეს ყოვლად უსაფუძვლოდ, თან თაღლლითობის მუხლით და პირველმა ინსტანციამ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ შეუცვალა ეს მუხლი, გულგრილობაზე გადმოიყვანა და ორი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ მის სრულ გამართლებას ვითხოვდით და ვითხოვთ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ფარმან ჯეირანლის ედავება, რომ მის კლინიკაში თირკმლის გადანერგვის ოპერაცია აზერბაიჯანში გაყალბებული დოკუმენტებით კეთდებოდა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ჯეირანლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება და აქდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ შეიძლება საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ დააკავონ და საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდონ.

„შეიძლება ეს არ მოხდეს და თავი შეიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ფარმან ჯეირანლი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს კონსტიტუცია კი კრძალავს თავისი მოქალქის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას მიუხედავად იმისა, რომ ის აზერბაიჯანის მოქალაქეც არის“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ფარმან ჯეირანლის ექსტრადიციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი 2017 წლის მაისში დააკავეს. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ისინი უზენაეს სასამართლოში ითხოვენ, რომ გულგრილობის მუხლი გაუქმდეს, ხოლო პროკურატურა საქმის გადაკვალიფიცირებას და ჯეირანლის თაღლითობის მუხლით გასამართლებას ითხოვს. საქმეზე ზეპირი განხილვა უზენაეს სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]