weather cur horoscope tv
დეკემბერი 12, 2019

თუშეთის გზის მთლიანი მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეაბილიტაცია იგეგმება

16:18 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019 hits 2271

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის მთლიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და რეაბილიტაცია იგეგმება, რაც ამ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ამ საკითხზე ირაკლი ქარსელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, რომელიც ჩამოყალიბებული სტიქიური უბანია წლების განმავლობაში, უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი საინჟინრო გადაწყვეტაზე. ამასთან უკვე მზადდება ტექნიკური დავალება და აგვისტო–სექტემბერში გამოცხადდება მთლიანად – 74 კილომეტრზე, ანუ მთლიან მონაკვეთზეა საუბარი... ამ მონაკვეთის იმდაგვარად რეკონსტრუქცია–მოდერნიზაცია–რეაბილიტაციის სამუშაოები, მონაკვეთების შესაბამისად, რომლითაც სწორედ უსაფრთხოება იქნება მიღწეული იმდაგვარად, რომ არანაირი გამოწვევა ამ კუთხით აღარ დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2019 წელს 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„არა მარტო გათვალისწინებულია, არამედ ექვსი პროექტი მიმდინარეობს აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში. 70 კილომეტრ გზაზე, მაგალითად, სამეგრელო–ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ზღუდარები და თვალამრიდები მოეწყობა, რაც არის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მსგავს რელიეფურად რთულ პირობებში დაცული იქნეს მოძრაობა. გარდა ამისა მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ზომის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ახალ საგზაო მაგისტრალზე გათვალისწინებულია ყველა თანამედროვე ზომა და მოთხოვნა, რაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით არის“, – განაცხადა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, გზის 23–ე კილომეტრზე, 27 ივლისს მოხდა. „კამაზი“, რომლითაც 12 ადამიანი ქვემო ალვანიდან თუშეთში მიდიოდა, გზიდან ხევში გადავარდა. ორმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა ხევში გადავარდნამდე მოასწრო, სამიც გადავარდნისას გადმოხტა და მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, შვიდი ადამიანი კი სატვირთო მანქანამ დაახლოებით 150 მეტრი სიღრმის ციცაბო ხევში ჩაიყოლა. შვიდივე დაიღუპა, მათ შორის 12 და 18 წლის მგზავრები იყვნენ.

ხელისუფლება რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი, უსაფრთხო გზის მშენებლობას აპირებდა, რომელიც პანკისისა და ხადორის ხეობებზე გაივლიდა და თუშეთის გომეწრის ხეობაში შევიდოდა. თუშების ნაწილი წინააღმდეგია, რომ ახალი გზა პანკისის ხეობის გავლით გაიჭრას, ნაწილი კი მომხრეა. 2019 წლის თებერვალში, ირაკლი ქარსელაძემ, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანკისი–თუშეთისა და ხევსურეთი–თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა. აპრილში, ხორვატიულ კომპანიას, რომელიც ამ გზას აპროექტებდა, რთული მონაკვეთის საინჟინრო გადაწყვეტისთვის ვადა ივლისის ბოლომდე მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]