weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საკადრო წმენდის გადაწყვეტილება მიღებულია ხელისუფლების მიერ – ნოდარ მელაძე

17:01 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ არხის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას დღევანდელი განცხადება, რომელიც მისი და ტელეკომპანიის სხვა მაღალრეიტინგული წამყვანების სამსახურიდან გათავისუფლებას ეხებოდა, ხელისუფლების მიერ მიღებული და ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია.

„გადაწყვეტილება საკადრო წმენდასთან დაკავშირებით მიღებულია ხელისუფლების მიერ. ეს არის ბიძინა ივანიშვილთან მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ პაატა სალიას ბრიფინგის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. ჟურნალისტებთან ნოდარ მელაძემ ბოლო ერთ თვეში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

„ეს არ იყო დღეს მიღებული გადაწყვეტილება. ისინი ინტენსიურად ეძებდნენ საბაბს, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინე, თუმცა ძალიან გაუჭირდათ მისი მოძებნა. ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელეკომპანიის გადაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში ჩემთან ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე. მისი პოზოცია იყო, რომ არ უნდათ „რუსთავი 2“-დან „იმედის“ გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა „კურიერში“ დარჩებოდა, მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ, უბრალოდ უნდა მიმეცა საკომუნიკაციო არხი: იქნებოდა კონკრეტული ადამიანი (ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას), რომელსაც ჩემთან ექნებოდა კომუნიკაცია და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციების და მისი გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა დამეგეგმა. „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი იქნებოდა, თუ დავთანხმდებოდი ამ წინადადებას. იტყოდნენ, რომ მე ისევ ვარ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე, არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა ჩამოიწევდა ციტირებას ვახდენ „ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“.

მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკევეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცების და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს. თუმცა იყო რაღაც თემები, რასაც არ უნდა გავკარებოდით“, – ამბობს მელაძე.

მისივე მტკიცებით, ამ წინადადებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ზეწოლის მეორე ტალღა დაიწყო - მას ხელფასი გაუყინეს.

„პაატა სალიამ, ქიბარ ხალვაშის დავალებით, მიიღო გადაწყვეტილება და გაყინა ჩემი ხელფასი. ამ დროისთვის მე ივნისის ხელფასიც არ მაქვს მიღებული. გათავისუფლებასთან დაკავშირებით პაატა სალიას მოტივს რაც შეეხება, ის ამბობს, რომ მე ვარ ნიკა გვარამიასთან ბმაში იმიტომ, რომ 2016 წელს, როდესაც ვმუშაობდი „რუსთავი 2“-ის პოლიტიკური პროგრამების მთავარ პროდიუსერად მაქვს მიღებული წლიური ბონუსი ნიკა გვარამიასგან. ნიკა გვარამია იყო დირექტორი და შესაბამისად, წლიურ ბონუსს გასცემდა. კერძო კომპანია, რომლის პროდიუსერი ქმნის მაღალ რეიტინგუულ პროდუქტს, რომლის ერთ წუთსაც ტელევიზია ყიდის 15 ათას აშშ დოლარად, ბონუსს გამოუწერს ან არ გამოუწერს, ეს არის დირქტორის გადასაწყვეტი და არა თანამშრომლის. პაატა სალიამ მითხრა, რომ 2016 წელს აღებული ბონუსი ჩემი გათავისუფლების საფუძველია, რაც არის ბოდვა“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მელაძის თქმით, ტელეკომპანიის ახალი მფლობელების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, სადაც მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაიცავს.

„ჩვენ შევხვდებით სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა არა მხოლოდ ჩემი უფლებები, არამედ შევქმნა პრეცედენტი, რომ როდესაც ტელეკომპანიაში მფლობელი შეიცვლება, ახალ მფლობელს აღარ ჰქონდეს უფლება პანტაპუნტით გაყაროს მედია მენეჯერები ან ჟურნალისტები, იმიტომ, რომ ვიღაც მის ინტერესში არ შედის.

ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ, პირადად მე შევძელი, რომ შემენარჩუნებინა „კურიერი“ ისევ ისეთი, როგორიც იყო. ორი წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და არასრული ექვსი წელი „რუსთავი 2“-ში. ეს არის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარიერაში“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიას თქმით, ვინაიდან ნოდარ მელაძე ამჟამად შვებულებაში არ იმყოფება, მას შეხვდა და გათავისუფლების შესახებ აცნობა. სალიამ დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს ვეღარ ვიხილავთ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]